Oto Zakalashvili
8 min readDec 26, 2021

--

მომყევით, სასაუბრო გვაქვს 🔥

დადგა დრო სრული გახსნილობისა, თამაშის სრულად გასერიოზულებისა და მაქსიმალური პროფესიონალიზსმისა – მომყევით, სასაუბრო გვაქვს

დიდი ხნის წინ დავიწყე ჩემი პირველი პროფესიის ათვიესბა. 10 წელი გავიდა. ძალიან, ძალიან გამიმართლა და ისეთი ადამიაენბის წრეში აღმოვჩნდი რომლებიც მუდამ განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შიმშილს განიცდიდნენ. მაშინ ჩვენ ეს შიმშილი ერთმანეთს გადავდეთ, იქეთ აქეთ ვატრიალეთ, ვზარდეთ, ვაბრტყელეთ,ვანაკუწეთ და ვაერთეთ, მუხლებზე ვიმტვრიეთ და თავზე ვიღუნეთ – უამრავ წარუმატებლობად და წარმატებად ვაქციეთ და საბოლოოდ ყველას გაგვიჩნდა პირადი, ცხოვრებისეული და კარიერული წარმატების პატარა ბილიკები. მერე ავდექით და ამ ბილიკებს ყველანი დამოუკიდებლად დავადექით, ჩვენ გზას ვეწიეთ და იმ დროინდელი ჩემი მეგობრების უმეტესობა დღემდე დამოუკიდებლად და წარმატებულად აგრძელებენ ბრძოლას. ბევრი იმდენად წარმატებულია რომ მათი დღევანდელი წარმატების ისტორიები უბრალოდ დაუჯერებლად, არამქვეყნიურად ჟღერს და ხშირად როცა ამაზე ვსაუბრობ, სხვა ადამიანებს ვუყვები, ვცდილობ რომ დავარწმუნო მაგრამ ვხვდები რომ ბოლომდე მაინც ვერ იჯერებენ, ან შეიძლება იჯერებენ მაგრამ საკუთარ თავში მსგავსი განვითარების ძალას ვერ ხედავენ. ხშირად ასეთი საუბრები საკმაოდ სევდიან განწყობას მიტოვებს, ეს სევდა კი ზუსტად იმ ადამიანებისგან გადმომედება ხოლმე ვინც ყველაფრის მიუხედავად სხვის წარმატებას თავისად ვერ აღიქვამს, თავის ცხოვრებასთან პარალელს ვერ ავლებს და ვერ აკავშირებს, ლეგენდად ამახსოვრდება და საკუთარ სევდიან ყოველდღიურობაში ბრუნდება.

ასეთი ნეგატიური განწყობების პოზიტიურში გადაკონვერტირებას ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ იმ ხალხმა ვინც მცირედი წარმატების გემო მაინც გავიგეთ და საკუთარ ტყავში ვერ დავეტიეთ. შემდეგ თან სრულიად შემთხვევით მაგრამ თან წლების განმავლობაში გეგმვისა და ფიქრის შედეგად გაჩნდა BitCamp – ი. ექსპერიმენტი რომელმაც გაანგრია ჩვენი ბაბლი და სრულიად სხვა გამოცდილების, მოლოდინების და განწყობების ხალხის შემოდინების საშუალება გააჩინა.

ადამიანებმა აღმოაჩინეს წარმატებული ნათესავები, ახლობლები, მეზობლები, უბრალოდ უცხო ხალხი ფეისბუქზე რომლებიც საკუთარი წარმატების ისტორიებს წერდნენ და ნელ-ნელა მაგრამ უკვე ბევრს გაუჩნდა გაცილებით უკეთესი მომავლისა და რეალობის იმედი. თან რაც მთავარია ეს იმედი არ არის სხვებზე, მთავრობაზე, დიად ბელადებზე მიბმული იმედი. ეს არ არის მესიისა და გადამრჩენელის იმედად მყოფი ადამიანების იმედი.

ეს არის ცოდნის, შრომის, თავისუფლების იმედი. ეს არის საკუთარი თავში რწმენის დაბრუნების იმედი. ეს არის პირადი კეთილდღეობის შანსის არსებობის იმედი. იმედი რომელიც საშუალებას გვაძლევს ვეძიოთ წარმატება საკუთარ თავში.

დიახ წინ მივდივართ, დიახ იმედი გაჩნდა, დიახ ძალიან დიდი შესაძლებლობების მიჯნაზე ვართ ახლა ყველანი და მინდა რომ ამ ამ შესაძლებლობების დანახვა, გააზრება, ხელის მოკიდება და გამოყენება შეგვეძლოს. მინდა რომ ახალი შემართებით, ახლად გაჩენილი იმედებით და მოტივაციით, სრულიად ახალი გზა გავაჩინოთ – განსხვავებული ტრადიციული პროფესიონალიზმისა თუ საქმის კეთების უკვე დამკვიდრებული კულტურისგან. განსხვავებული – განმანათლებელი, მშრომელი, განმათავისუფლებელი კულტურის დანერგვის დროა.

# ახალი გზა

წლები გავატარე ქართულ თუ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობაში, უამრავი იერარქიისა თუ მოწყობის ორგანიზაციის ნაწილი ვყოფილვარ და ყველგან მაწუხებდა გამჭვირვალობის ძალიან დაბალი დონე. ყოველთვის კარგი ხელფასი მქონდა, მუდამ საინტერესო პროექტებზე ვმუშაობდი და უდიდეს გამოცდილებას ვაგროვებდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება რომ რაღაცაზე ვარ მიჯაჭვული ან არ ვიცი რა განვითარებას შეიძლება ველოდე ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობისას. დღესაც ასეა, თითქმის არასდროს ვიცით ნამდვილად რა პერსპექტივებს გვთავაზობს ბაზარი, ამ პერსპექტივების ნამდვილ სახეს მხოლოდ ის ადამიანები ნახულობენ ვინც ბიზნესს კიდებს ხელს და უშუალოდ ბიზნეს პარტნიორობების ფორმირება და გადაყვეტილებების მიღება უწევთ. თუმცა ამ ინფორმაციას ისინი ძალიან იშვიათად თუ უზიარებენ საკუთარ თანამშრომლებს. რაც მუდამ ტოვებს იმ განცდას რომ რაღაც არ ვიცით, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. შეიძლება არც არაფერი ხდება, შეიძლება ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, უბრალოდ კომპანიების დამფუძნებლებსა და დირექტორებს მაინც არ სურთ ღიად საკუთარი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, პირად მოგებასა და სხვა მსგავს შიდა სამზარეულოზე საუბარი. ყველას თავისი წარმოდგენა, განწყობა და მიზეზი აქვს და სულაც არ ვამბობ რომ ეს ცუდია. თუმცა ეს არ არის ჩემი გზა.

მე ახლა ვიწყებ გუნდის შენებას, ამიტომ უნდა გამოვირჩეოდე ყველასგან და რომ დავფიქრდი, ყველაზე მეტად რაც გამომარჩევს არის გამჭვირვალობა – გამოცდილების მუდმივი გაზიარება არა მხოლოდ ტექნოლოგიების ათვისებისა და სწავლის მიმართულებით, არამედ ბიზნესის კეთების მიმართულებითაც.

BitCamp – ის საშუალებით, ბევრი საინტერესო ადამიანისა თუ ბიზნესის ყურადღება მივიქციე. ბოლო კვირების განმავლობაში ვცადე ეს ყურადღება შესაძლებლობად მექცია და დავიწყე პარტნიორების ძებნა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოვახერხე და ძალიან საინტერესო პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმე იტალიაში, მილანში მყოფ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო Tech კომპანიასთან. ახლა კი მინდა გესაუბროთ ამ პარტნიორობის დეტალებზე. არაფრის დამალვას არ ვაპირებ და მინდა რომ ამ გამჭვირვალობით კიდევ უფრო მეტი დეველოპერისა თუ მომავალი ბიზნეს პარტნიორის ყურადღება მივიქციო.

ეს პარტნიორობა გულისხმობს იმას რომ ერთის მხრივ მე მოვამზადებ დეველოპერებს კლიენტების პროექტებზე სამუშაოდ, ხოლო მეორეს მხრივ ჩემი იტალიელი პარტნიორები იზრუნებენ იმაზე რომ მუდამ გვქონდეს იმდენი სამუშაო, რამდენი დეველოპერიც გვეყოლება. მათაც და ყველას მსოფლიოში ის პრობლემა აქვს რომ სამუშაო და კლიენტები ძალიან ბევრი ჰყავთ, დეველოპერები კი არასდროს ჰყოფნით და ასობით ახალი დეველოპერის დამატებას ნატრულობენ მუდამ.

ამ პარტნიორობის ფინანსური ნაწილი ასეთია: მათ პროექტებზე დასაქმებულ თითო დეველოპერში მიხდიან 200 ევროს, ყოველ სამუშაო დღეში. სამუშაო დღეების რაოდენობაზე რომ გადავამრავლოთ, გამოდის დაახლოებით 4200 – 4400 ევრო თვეში, თითიო დეველოპერზე. პირველი პარტნიორობისთვის ძალიან კარგი შეთანხმება გამოგვივიდა. მოლაპარაკებისას მუდმივად ვუსვამდი ხაზს იმ ფაქტს რომ ჩემს ქსელში არსებული დეველოპერების უმეტესობა დამწყებია, ნელ-ნელა მოგვიწევს მათი გაზრდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ანაზღაურებად პროექტებში ჩართვას.

ამ პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ჩემს ერთ-ერთ ჯუნიორ დეველოპერს მოველაპარაკე (საჯაროდ არ ვამბობ მის სახელს მაგრამ თუ სურვილი აქვს თვითონ გამოჩნდება), ავუხსენი სიტუაცია, ავუხსენი რომ ასეთი პარტნიორობა ხელში გვიჭირავს და დროა იმაზე ვიფიქროთ თუ როგორ მოვახერხებთ და მაქსიმალურ შედეგს დავდებთ.

ვისაუბრეთ იმაზე რომ ამ პარტნიორობის ფარგლებში, დღეში 200 ევრო ღირს 1 ნორმალური გამოცდილების მქონე დეველპერის სამუშაო. თუმცა ასეთი გამოცდილების მქონე დეველოპერი ჯერ არ გვყავს. ვარ მე ჩემი გამოცდილებთ რომელიც არავითარ შემთხვევაში დავთანხმდებოდი ასეთ დაბალ რეითზე მუშაობას როგორც დეველოპერი და არის ის რომელსაც ჯერ იმდენი გამოცდილება არ აქვს რომ დამოუკიდებლად შეძლოს ამ კლიენტთან მუშაობა.

ამ 200 ევროდან, საწყის ეტაპზე, ჯუნიორ დეველოპერს შეიძლება ითქვას რომ არაფერი ეკუთვნის და ეს იმიტომ არის სამართლიანი რომ როცა პირადად ჩემი დრო იხარჯება 300% – ით იმაზე რომ კლიენტთან მუდმივად პოზიტიური კომუნიკაცია მქონდეს, დავალებების მენეჯმენტიც ვაკეთო და თან დავალებებიც ხშირად მე უნდა შევასრულო + შესრულების შემდეგ უნდა დავსხდეთ, გავიაზროთ დავინახოთ რა გაკეთდა როგორ გაკეთდა და გამოუცდელმა დეველოპერმა ამ ყველაფრის ყურებით, ახსნით და გამეორებით ისწავლოს როგორ შეძლებდა სამომავლოდ მსგავსი დავალების შესრულებას თავად, ჩემგან დამოუკიდებლად. ამას გარდა უნდა დაესწროს კლიენტთან შეხვედრებს, დაინახოს როგორ ხდება პროექტის მენეჯმენტი, შესრულებული სამუშაოს ჩაბარება და მოკლედ ყველა ის დეტალი რაც ამ ბიზნესის წარმატებულად მუშაობას სჭირდება. ამ ყველაფერში გამოუცდელი დეველოპერის ანაზღაურება ის სუფთა ცოდნა და გამოცდილებაა რასაც ამ პროცესში სრული ჩართულობით, სრული გამჭვირვალობით და მის წარმატებაზე მომართული ჩემი განწყობაა. არ იფიქროთ რომ მე მისთვის ვშრომობ და ამას ვამადლი, არა მე ჩემთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს და ისე გამოდის რომ ჩემი მიზნისთვის მჭირდება რომ ის მაქსიმალურად წარმატებული გახდეს, მაქსიმალურად სწრაფად.

რაღაც პერიოდი ვიმუშავეთ ასე, დაინახა სინამდვილეში რა არის რეალურ პროექტზე მუშაობა, რამდენ დროს, ენერგიას, ნერვებს, გამოცდილებას მოითხოვს და რამდენი უნდა ვიშრომოთ ერთად რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს კლიენტის პროექტზე მუშაობა და კომუნიკაცია. არ გვინდა კომფორტი რომელიც შუამავალი კადრების არსებობით მოდის, რომლებიც გიკეთებენ „მენეჯმენტს“, შენს მაგივრად წყვეტენ პრობლემებს და შენ უბრალოდ ამას კოდში თარგმნი, არ გვინდა ამ შუამავლობაში იბლარებოდეს გამჭვირვალობა, ფერმკრთალდებოდეს სამუშაო თავგადასავალი და ინტერესი. არ გვინდა რუტინული სამუშაო სადაც შეიძლება კარგად გიხდიდნენ მაგრამ ყოველ დილას გაღვიძება გეზარებოდეს. გვინდა ჩვენ ვიყოთ ის ხალხი ვინც პროცესის ნაწილი და წარმმართველები ვართ თავიდან ბოლომდე.

ამიტომ მოვიფიქრე იერარქიული კიბე, რომელზე ასვლაც ყველა ჩვენს დეველოპერს მოუწევს რაღაც ეტაპზე, ან თუ არ მოუწევს, მინიმუმ შესაძლებლობა ექნება და სურვილის შემთხვევაში გამოიყენებს.

იერარქია 3 საფეხურიანია, პირველ საფეხურზე დგანან დეველოპერები, ახლები, გამოუცდელები, შედარებით გამოცდილებიც, მეტად გამოცდილებიც – თუმცა რაიმე იარლიყები არ აქვთ, ყველამ ვიცით ვინ ვინ არის, ვის რა გამოცდილება აქვს და ყველას დეველოპერი გვქვია. ეს ერთგვარი მუდმივი საფეხურია. ამ საფეხურზე მუდამ დგახარ, რაც არ უნდა ზემოთ წახვიდე, ქვემოთ ყოფნაც მუდამ მოგიწევს თუ გვინდა რომ წარმატებულები ვიყოთ. ერთმანეთის წინ წაწევის გზით, საკუთარი წარმატების მიზნით სხვის წარმატებაზე ზრუნვა ერთადერთი სწორი გზა გვგონია, ამიტომ როცა წინ მიდიხარ, შენი მუდმივი საზრუნავია რომ სხვებსაც წინ ექაჩებოდე. პირველ საფეხურზე შენი მაქსიმალურ ღირებულებას მიაღწევ მაშინ როცა შენთვის განკუთვნილი ტექნიკური საქმეების შესრულება დამოუკიდებლად შეგიძლია. ამ დროს იმდენად ღირებული ხარ რომ შენი შრომით მიღებული სარგებელის (ჩვენ შემთხვევაში 200 ევრო/დღეში) საკმაოდ კარგი ნაწილი, სამართლიანად გეკუთვნის შენ. თუმცა არა მთლიანად, რადგან შენ გარდა შენი საქმის შენამდე მოტანაზე, სხვებიც ხარჯავენ დროს და ენერგიას. ის თუ რა ნაწილი გეკუთვნის შენ, მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმის ნაწილია, რაც მეტია შენი ღირებულება მით უფრო დიდი სიხარულით გიხდი შესაბამისად რადგან შენი მომატებული პროფესიონალიზმით მე გასაკეთებელი საქმეების რაოდენობას მიმცირებ და შესაძლებლობას აჩენ რომ ამ ჩვენს ქსელში, ახალი მოთამაშე დავამატოთ და კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ.

მეორე საფეხურზე ბუნებრივად ნიჭიერი ლიდერები შეძლებენ ასვლას. ადამიანები ძალიან მრავალფეროვანი უნარებით და სურვილებით გამოვირჩევით, ზოგს უნდა რომ ძალიან მაგარი დეველოპერი იყოს მაგრამ მუდამ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობდეს და ბიზნეს მხარეს სხვა აგვარებდეს. მაგრამ ზოგს უნდა რომ ბიზნესის მხარესაც ერთვებოდეს და ბუნებრივად ხვდებოდეს ისეთ სიტუაციაში სადაც გადაწყვეტილებების მიმღებიც თავად იქნება. ასეთ ადამიანებს Lead – ის როლი მოვუფიქრე. ასეთ ბუნებრივ ლიდერ დეველოპერებს პირველ რიგში საკუთარი საქმის, საკუთარი ტექნიკური სამუშაოების კარგად კეთება და საკუთარი თავის კარგად მიხედვა და მენეჯმენტი შეუძლიათ, იმდენად კარგად და ეფექტურად რომ მზად არიან სხვა დეველოპერებსაც დაეხმარონ. ასეთი დეველოპერები რა თქმა უნდა მეტად უნდა დავაფასოთ ამ იერარქიაში. ასეთი დეველოპერის ტექნიკურ ღირებულებას ემატება სხვების მენეჯმენტით და მიმართულების მიცემით მიღებული ღირებულებაც, რაც მეტი ადამიანის მენეჯმენტს შეძლებენ ლიდერები, მით მეტი იქნება მათი შემოსავალი.

ლიდერებისა და დეველოპერების კოლაბორაციით, მათი ფუსფუსითა და ხარშვით იბადებიან მესამე საფეხურზე ამსვლელი არქიტექტორები. არქიტექტორები გამოირჩევიან როგორც მაღალი კომპეტენციით პირველ საფეხურზე – ანუ დეველოპერობის ძალიან კარგი ტექნიკური სქილები აქვთ. ასევე გამოირჩევიან მაღალი კომპეტენციით მეორე საფეხურზე – ანუ საკუთარი და სხვების მენეჯმენტი შეუძლიათ კარგად და ამას ამატებენ კიდევ დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობას. მათ შეუძლიათ გაიაზრონ პრობლემა, ბიზნეს ლოგიკა – სისტემურად შეხედონ პრობლემებს და იმუშაონ როგორც ლიდებთან ისე დეველოპერებთან პრობლემების შესაბამისი გადაწყვეტების მოფიქრებაზე. ისინი ასევე ზრუნავენ პრობლემის შესაბამისი ტექნოლოგიების შერჩევაზე, გუნდების დატრენინგებაზე, მენტორობაზე და კომპანიაში ყველანაერი კომპეტენციის ამაღლებაზე. რა თქმა უნდა ასეთ მოთამაშეებს კიდევ უფრო მაღალი ღირებულება აქვთ და მათთანაც ინდივიდუალურო მოლაპარაკების ხარჯზე ხდება ანაზღაურებაზე შეთანხმება.

ყველა საფეხურზე იარსებებენ განსხვავებული ადამიანები და შეუძლებელია საფეხურებს მივანიჭოთ 1 ფიქსირებული რიცხვი რომელიც იქნებოდა ამ საფეხურზე მდგომი მოთამაშის ანაზღაურება. ჩვენი კომპეტენციები მუდმივად იცვლება და შესაბამისად ასეთ საზოგადოებაში მუდმივად არსებობს მოლაპარაკებითვის გახსნილი მაგიდა სადაც ნებიმიერ დროს, ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია დაჯდომა და საკუთარი კომპეტენციის შესაბამისი ღირებულების მოთხოვნა.

დღეს ჩემი მიმდინარე პარტნიორობა მხოლოდ პირველი ნაბიჯი და პირველი კლიენტია ამ გარემოში. ამ პარტნიორობის მოპოვება სურვილიდან რამოდენიმე დღეში მოვახერხე და ახლა მხოლოდ იმაზე ვზრუნავ რომ მისი ღირებულება გავზარდო ახალ დეველოპერებთან ერთად. თუმცა რამოდენიმე თვეში, როგორც კი ისეთი გუნდი მეყოლება რომელიც თუნდაც ჩემი დროის 20–30% – ს გამოათავისუფლებს, მაშინვე ვიზრუნებ დამატებით პატრნიორობაზე. თუ ამ პოსტს კითხულობ და რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი ხარ, ჩათვალე რომ ბიზნეს პარტნიორობის შეთავაზებაც ეს არის, მოდი ვისაუბროთ, იქნებ შეგვიძლია ერთად უფრო მეტის კეთება.

საბოლოოდ კი არც ეს პარტნიორობაა ფიქსირებული, არც დღეში 200 ეროა ფიქსირებული და არც ისე არ არის რომ სრულიად გამოუცდელ დეველოპერს მართლა არაფერს ვუხდიდეთ. გამოუცდელი დეველოპერის მიზანია რომ დაგვანახოს ზრდის პოტენციალი, ზუსტად ამისთვის არსებობს BitCamp – ი და მის ირგვლივ არსებული სხვადასხვა ჩელენჯები. ზრდის პოტენციალის მქონე დეველოპერები, ჩვენგან დამოუკიდებლად, თავაინთთვის, სახლში უნდა მუშაობდნენ განვითარებაზე და ჩვენთან მოდიოდნენ ამ ჩელენჯებითა თუ კურსებით მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ინტერვიუზე უნდა შეეძლოთ იმ ტექნოლოგიებზე საუბარი რაშიც დახარჯეს დრო და რითაც შექმნეს თავიანთი სატესტო თუ საჩვენებელი ნამუშევრები და პორთფოლიო. თუ დაგვანახებთ რომ შრომით და გააზრებით მოხვედით ჩვენთან, ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ რაღაც მინიმალურ ხელჩასაჭიდს + ჩაგაგდებთ სწავლისა და განვითარებისთვის ფანტასტიურ გარემოში. როგორც კი ღირებულების გენერირებას თავადვე შეძლებთ, მაშინვე დაგიფასებთ და შედგებით ჩვენი წარმატებისა და კომპეტენციების იერარქიულ კიბეზე.

# Bitoid Technologies

ასე ჰქვია კომპანიას რომელიც ოფიციალურად უკვე რეგისტრირებულია, გვაქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსიც რაც გულისხმობს მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებს Tech კომპანიებისთვის. ჯამში BitCamp – ით, ჩელენჯებით, კურსებით, ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროექტებით, ამ კომპანიაში შევაგროვებთ მაქსიმალურ კომპეტენციას, გავზრდით ახალ დეველოპერებს, გავაბრწყინებთ ახალ ვარსკვლავებს და შევქმნით მუდმივად მზარდი ღირებულების ახალ წყაროს.

ღია ვართ როგორც ნებისმიერი გამოცდილების მქონე დეველოპერებთან სასაუბროდ, ასევე ნებისმიერი ბიზნეს პარტნიორობის განსახილველად.

კომუნიკაციის არხები: oto@bitcamp.ge – ან ნებისმიერი სოციალური ქსელი.

სწავლა და ბრძოლა.

--

--